საქართველოს მთავრობის განცხადებით, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გადაიდო.
თუმცა, არ შეჩერდება ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.
კერძოდ:
მთავრობის განცხადების თანახმად, კომპანია ენკასთან დადებულ ხელშეკრულებას იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის საერთაშორისო იურიდიული კომპანიის საშუალებით.
"საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.
საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.
კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია ენკა ამ ეტაპზე პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს.
განცხადებისვე მიხედვით, ნამახვანჰესის მიმდებარედ პოლიცია დამატებით ბარიერებს მოხსნის და პოლიციელთა რაოდენობასაც შეამცირებს.
„ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
23 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ სამ პირობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას თვეებია, აპროტესტებენ.
ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.
ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა.