საქართველოს მთავრობამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრების პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაზარდა. ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
"როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის - 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე. 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი", - თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ასევე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად, ჩარტერული რეისების სუბსიდირებას აპირებენ.
***
საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ნაკრების ფეხბურთელები გასულ პერიოდში აქტიურად გამოეხმაურნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, რიგ შემთხვევებში ანტირუსული გზავნილები გაავრცელეს.