logo
ENG



მთავრობა უცხოელებზე სუროგაციის აკრძალვას პროპაგანდისტული მიზნებით აპირებს

12 ივნ 202314:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სუროგაციის აკრძალვას პროპაგანდისტული მიზნებით აპირებს. ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა კამპანიური მიზნებისთვის გააქტიურა.

აკრძალვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირაკლი ღარიბაშვილმა ჰომოფობიური მოტივი დაასახელა და თქვა, რომ "არ არის ცნობილი, სად მიჰყავთ ეს ბავშვები, შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ".

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტს მოამზადებენ, რომელსაც პარლამენტში წარადგენენ.

"საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს სუროგაციის საკითხი - რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, არის სუროგაცია და ზოგადად ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, ახალი კანონპროექტით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვს "ვეღარ შეუკვეთავს".

"ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული, ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს... ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება, ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამის რეგულირების გარეშე დატოვება.

ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს, შემდეგ არავინ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაცია, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ ამას სჭირდება რეგულირება. შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და იმედია, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას", - თქვა ღარიბაშვილმა.

მან დააზუსტა, რომ აკრძალვა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელდება და საქართველოს მოქალაქეებისთვის რაიმე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება.


close დახურვა