logo
ENG



მთავრობამ ვერ წარმოადგინა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა

30 აპრ 202014:32
3 წუთის საკითხავი
clock 290

ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეკონომიკური უკუსვლა და შენარჩუნდეს ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს, მის მიერვე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შემდეგი თვის განმავლობაში სავარაუდოდ მოქალაქეების ყოფა კიდევ უფრო გაუარესდება. მათი განცხადებით ხელისუფლება რეაგირების გზებს არაეფექტურად გეგმავს. 

„ბუნებრივია მარტში ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელი იყო, ეს ვირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს ახასიათებს. მთავრობამ მყისიერი რეაგირება ვერ მოახდინა, ვერ წარმოადგინა ვერც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა, არც „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული პროგრამა არ გაითვალისწინა. დაკარგა დრო და შესაბამისად ის, რომ პირველივე თვეს გვქონდა ამხელა ეკონომიკური ვარდნა, არის სწორედ ამის დამსახურება და ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯების გადასადგმელად კიდევ ფეხს ითრევს, მათ შორის არ აპირებს გადასახადები შეამცირო, არ აპირებს დაუბრუნოს მოსახლეობას ის თანხები, რომელიც დაგროვილია დაგროვებით პენსიაში. ეს ქმედებები შეამცირებდა ეკონომიკაზე წნეხს და დასახავდა გზას თუ როგორ დავძლიოთ ეკონომიკური კრიზისი“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის რომან გოცირიძის განცხადებით,  ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა ქვეყანამ ამ რთული პერიოდის შემდეგ ეკონომიკის ზრდა და განვითარება შეინარჩუნოს.

„ამაში გასაკვირი არაფერია. მომავალი თვეების განმავლობაში უკვე ეკონომიკური ზრდა იქნება უარყოფითი ნიშნით და სწორედ ეხლა არის საჭირო მთავრობის მხრიდან ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებს გახდის ქვეყანაში ეკონომიკურ ვარდნას და დატოვებს შანსს მომავალში ეკონომიკის ფეხზე დადგომისა და მისი რეაბილიტაციისა. სამწუხაროდ რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის უცხოეთში ნაშოვნი ფულის დარიგება, ისიც არარაციონალურად და ეკონომიკური მიმართულებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაადეკვატურია იმ მოთხოვნებთან შედარებით, რა ამოცანების წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. საჭიროა უკიდურესად მომჭირნე საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება და სწორი ნაბიჯების გადადგმა, რათა საქართველოს ეკონომიკას მომავალში მიეცეს შანსი, რომ დაუბრუნდეს ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას. 

საქართველოს ეკონომიკა გასული წლის მარტთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა. ოფიციალურ მონაცემს სტატისტიკის ცენტრი აქვეყნებს. რომლის მიხედვითაც ექსპორტის მაჩვენებელი მარტში შემცირდა დაახლოებით 22%-ით, ხოლო იმპორტი 13.4%-ით. აღსანიშნავია, რომ შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის გარდა.


close დახურვა