საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებულ წინადადებაზე უარი უთხრა. განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულების თანახმად, პრეზიდენტმა მთავრობას ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა. განკარგულებაში არ წერია მიზეზი, რატომ არ ეძლევა სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი, გაემგზავრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში მთავრობის ნებართვის გარეშე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში სამუშაო ვიზიტების განსახორციელებლად ნებართვა არ მისცა. გასული წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
სწორედ ამის შემდეგ, 2023 წლის 1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებდა. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.
შემდეგ, საკითხის პარლამენტში გადმოტანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პარლამენტში ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, რადგან ქართულმა ოცნებამ საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა - ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამის შემდეგ, ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვადის ამოწურვამდე ქვეყნის "ფორმალური პრეზიდენტი" იქნება.
2024 წლის 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ოფიციალურად მიიწვიეს ამბობს, რომ ის "არ წარმოადგენს საქართველოს" და წარმოდგენილი იქნება, როგორც "კერძო პირი".