მთავრობამ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. ამის შესახებ 26 აგვისტოს განკარგულებაშია საუბარი, რომელსაც პრემიერმინისტრი აწერს ხელს.
როგორც დოკუმენტიდან იკვეთება, შოთაძეს სახელმწიფო დაცვა 2025 წლის 23 მაისამდე ეყოლება.
"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის" მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე", - აღნიშნულია განკარგულებაში.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან მიმდინარე წლის 23 მაისს გადადგა.
რაც შეეხება განკარგულებაში მოყვანილ ნორმას, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო დაცვა შეიძლება დაენიშნოს "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სხვა დასაცავ პირს და მისი ოჯახის წევრებს, აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.