logo
ENG



მთავრობაში რეგიონებში ზომების გამკაცრებაზე მსჯელობენ

10 აპრ 202019:58
3 წუთის საკითხავი
 

234 ინფიცირებული და 54 გამოჯანმრთელებული. ასეთია კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა ქვეყანაში. თბილისის შემდეგ, სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება რეგიონებში და შესაბამისად, იზრდება ცხელი წერტილების რაოდენობაც. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კოვიდ 19-ი 65 წლის ქალს დაუდგინდა. რომლის 4 ოჯახის წევრი და 1 მეზობელი წყალტუბოს საკარანტინე ზონაში მოათავსეს. ინფიცირებულ ქალთან უშუალო კონტაქტში მყოფი 19 პირი უკვე იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თუმცა კონტაქტების დადგენა კიდევ მიმდინარეობს. თვითიზოლაციაში იმყოფება თერჯოლის ამბულატორიის ექიმიც რომელმაც ინფიცირებული თავდაპირველად შეამოწმა.

უცნობია 65 წლის ქალის ინფიცირების პირველ წყარო. 65 წლის ქალის  მეზობლების თქმით ინფიცირებული სახლიდან არ გადიოდა და მათთვის ბუნდოვანია როგორ აღმოაჩნდა მას კოვიდ 19. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება. იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ორი სოფელი შედის, სადაც რამდენიმე ადამიანია თვითიზოლაციაში და ისინი სხვადასხვა კლასტერს მიეკუთვნებიან.

სხვა რეგიონებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე მთავრობაში ჯერ კიდევ მსჯელობენ. ცნობილი ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა, რომ ცალკეულ რეგიონებში დამატებით საველე ჰოსპიტლები გაიხსნება.

დამატებითი საველე ჰოსპიტალების გახსნის აუცილებლობას ვერ ხედავენ ექსპერტები.  მათი განცხადებით პირველ რიგში უნდა მოხდეს მედ პერსონალის გადამზადება რათა სათანადო მომსახურეობა გაუწიონ პაციენტებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აგრესიული ტესტირება, ცალკეულ რისკ-ჯგუფებში უკვე დაწყებულია.  ექსპერტების შეფასებით პროცესი უკვე დაგვიანებულია. ექიმების შემდეგ ტესტირება ჯარში და პოლიციაში გაგრძელდება. იქნება თუ არა ეს საკმარისი ზომა - ჯერ კიდევ უცნობია. არ არის გამორიცხული,  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება გახდეს საჭირო. მინისტრები არ მალავენ, რომ ამ თემაზე მსჯელობა ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს.


close დახურვა