თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციაში მონაწილეობდა ირაკლი ბებუას დედა, ლალი ფიფია.
როგორც ამბობს, მისი მოთხოვნა, შვილის გათავისუფლება და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაა.
"არანაირად არ შედგა ეს, ამდენი ხანია, ვითხოვ. ვთხოვ, რომ შეგხვდეს და ჩემი შვილის გათავისუფლებაზე იფიქრონ, რამე გააკეთონ. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თავის ტკივილი ჰქონდა, ც ჰეპატიტი აქვს, ხერხემლის, კუჭის პრობლემები. უკვე ნევროზიც აქვს. მე სხვა არავინ მყავს". - ამბობს ლალი ფიფია.
საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა.
ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე-ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა.
საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებული ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლება არ განიხილება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა იმედი გამოთქვა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ზაზა გახელაძის შემთხვევაში მოხერხდა.