logo
ENG



მთავრობის გეგმა, 600 000 თვითდასაქმებულს ტოვებს დახმარების გარეშე - ოპოზიცია

04 მაი 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია მთავრობის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და მათ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებად აფასებს. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ხელისუფლების მხრიდან, მიმართულია 2020 წლის არჩევნებისკენ.

ისინი მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტსაც აკრიტიკებენ, რომელშიც მათი თქმით, თვიდასაქმებულების მხარდაჭერაზე საუბარი არაა. 

გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის პარლამენტში შესვლის შემდეგ, ბოიკოტის რეჟიმიდან გამოსვლას აპირებს, რათა ცვლილებების განხილვაში მონაწილეობა მიიღოს და მმართველ გუნდს ყველა საჭირო კითხვა დაუსვას. 

"ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისელი გეგმა თვითდასაქმებულების დახმარებაზე ორიენტირებული არაა. 

"მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმავს აქვს 2 ძალიან დიდი ხარვეზი. პირველი ეს არის - არასრულყოფილება. მაგალითად გეგმა წინასწარ, ყოველივე დახმარების გარეშე ტოვებს მინიმუმ 600 000 თვითდასაქმებულ ადამიანს საქართველოში, საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება ადამიანებს, ვისაც სამსახური ჰქონდა და ხელფასი დაკარგა. ანუ ეს არის არასრულყოფილი დახმარების გეგმა, გეგმა, რომელიც ვერ აამუშავებს ეკონომიკას, იმიტომ რომ არ ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

კანონპროექტის განხილვის პერიოდში ბოიკოტიდან გამოსვლაზე საუბრობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. დეპუტატი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოსახლეობა დახმარებას მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს.  

"როდის შემოვა პარლამენტში, როდის დაამტკიცებს, როდის მოაწერს პრეზიდენტი ხელს - გამოდის რომ ეს დახმარებები ალბათ ივნისის შუა რიცხვამდე არ იქნება გაცემული და კვლავ ამ სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანებს აშიმშილებენ ფაქტობრივად. მოვა პარლამენტში ეს კანონპროექტი და უხეშად, რომ ვთქვათ ძალიან მძიმე დღეში ჩავაგდებთ, რადგან 600 000 ადამიანს ტოვებენ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე", - ამბობს რომან გოცირიძე. 

მოსახლეობის შიმშილის ზღვარზე ყოფნის პრობლემაზე ყურადღებას ამახვილებს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. ვაშაძის თქმით, ქვეყანა ყოველდღიურად 100 მილიონ ლარს კარგავს. 

"საქართველოში კორონავირუსთან ერთად, ნომერ პირველი პრობლემა შიმშილია. დიახ, მასობრივი შიმშილი გვემუქრება, თუ იმ მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. საქართველო დღეში კარგავს 100 მილიონ ლარს და ჯამურად, ჩვენ უკვე გავღარიბდით 4,5 მილიარდი ლარით ანუ, ფაქტობრივად, საქართველო ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტს კარგავს", - აღნიშნა ვაშაძემ. 

მთავრობის ქმედებებს წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს "დემოკრატული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი პანდემიას სათავისოდ იყენებს. 

„ისინი გადავიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაზე, ცდილობენ პანდემიას ამოფარებულებმა კამპანია აწარმოონ და ძალიან ბევრი ნაბიჯი მეტყველებს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ დაგეგმილი. არ იყო რეალურად მითითებული საიდან, რის ხარჯზე, არ გვინახავს ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი“, - განაცხადა ბურჯანაძემ. 


close დახურვა