პროკურატურამ მთის ამბების რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეში, რომელზეც გამოძიება სსსკ-ის 154-1 და 333-3-ბ მუხლებით მიმდინარეობდა, დაზარალებულად ცნო.
ინფორმაციას გამოცემა თავად ავრცელებს.
მთის ამბების რედაქტორი, გელა მთივლიშვილი 23 იანვარს კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ჟურნალისტმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა უარყო. მთივლიშვილის თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში შსს-ის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
31 იანვარს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მთივლიშვილი 2000 ლარით დააჯარიმა, გადაწყვეტილება კი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
მთის ამბების რედაქტორმა უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის საქმეებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმავე დღესვე მიმართა.
"გამოძიებამ მოიპოვა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის სამეთვალყურეო სისტემიდან ვიდეოჩანაწერი, რომელიც მთლიანად ადასტურებს მთივლიშვილის უდანაშაულობას", - წერს მთის ამბები.
გენერალურმა პროკურატურამ გელა მთივლიშვილი დაზარალებულად გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ ცნო.
მთივლიშვილი იმ ოთხი პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, უკანონოდ დააკავეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და პოლიციის ავტომობილში მასზე ფიზიკურად იძალადეს. მთივლიშვილი პოლიციელებს პროკურატურაში სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამოც უჩივის.