სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ "შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, ქართული ოცნების მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით".
ეს მილერმა ამერიკის ხმასთან თქვა და ამის მაგალითად "ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადების გეგმის შესახებ" ქართული ოცნების განცხადებები მოიყვანა.
მილერი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
"როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას"- თქვა მილერმა.
23 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთპარტიული პარლამენტი დააანონსა.
კობახიძე მტკიცებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევა 2 სუბიექტი - "ქართული ოცნება და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება", კერძოდ, ენმ, რომელსაც მმართველი პარტია "საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისთანავე არაკონსტიტუციურად ცნობით" ემუქრება.
კობახიძის თქმით, მათი გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად სამართლებრივი სარჩელები მომზადდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე შესაძლოა, პროკურატურაშიც აღიძრას საქმეები.
მისივე თქმით, პარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს და ის მიიჩნევს, რომ "ლოგიკური გაგრძელება იქნება" მათთვის მანდატების გაუქმება.