მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.
"გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ სალომე ზურაბიშვილს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ცხრა სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვის. მონტენეგრო საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით მეგობრულად დგას" - წერს მილო დუკანოვიჩი ტვიტერზე
Sincere condolences to @Zourabichvili_S on the occasion of the tragedy that hit the city of Batumi taking 9 lives, including three children. Montenegro stands with friendly Georgia and its people.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.