წყევლა ბერა ივანიშვილის კრიტიკისათვის. არქიმანდრიტ ბართლომეს სკანდალური კომენტარი დღეს საყოველთაო მსჯელობის საგანი გახდა. სასულიერო პირმა მსოფლიო ვარსკვლავს ანიტა რაჭველიშვილს ის ვერ აპატია, რომ მან ბერა ივანიშვილი გააკრიტიკა. ბართლომეს დღეს საპატრიარქო გაემიჯნა, თუმცა სასულეიერო პირს ახსნა-განმარტებების გაკეთება მაინც მოუხდა, მისი თქმით მან შეგნებულად დაწერა აღნიშნული კომენტარი.
„მივხვდი რომ ეს პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა და მას ჰქონდა გარკვეული სიძულვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ამ სიძულვილის გამო გადმოანთხია მის შვილზე და მიმაჩნია, რომ ეს არასწორი იყო, მის ადგილას მე ვიტყოდი, როგორ მომეწონა ბერას ეს ქველმოქმედება, რომ განახორციელა და ვისურვებდი, რომ საქართველოში უფრო მეტი გაეკეთებინა, მინდა რომ ეს ადამიანი ჭკუაზე მოვიდეს ამ კუთხით“-განაცხადა არქიმანდრიტ ბართლომემ
არქიმანდრიტის განცხადებები დაგმო საპატრიარქომ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაძის თქმით, აღნიშნული განცხადება სასულიერო პირისთვის ძალიან შეუფერებელია.
შეგახსენებთ, რომ ანიტა რაჭველიშვილმა, ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონი დოლარის გადარიცხვის გამო გააკრიტიკა, რასაც არქიმანდრიტის კომენტარი მოჰყვა, რომელშიც ეწერა რომ, რაჭველიშვილს მხოლოდ ყელის კიბო უშველიდა.