logo
ENG



მინდია ჯანელიძე პროკურატურაში კარტოგრაფების საქმეზე იკითხება

19 ოქტ 202015:13
3 წუთის საკითხავი
clock 649
4twfn3farnx352f.jpg

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი მინდია ჯანელიძე პროკურატურაში კარტოგრაფების საქმეზე იკითხება.

პროკურატურაში შესვლამდე მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხა. 

თავდაცვის მოქმედი მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ იმედთან ინტერვიუში თქვა, რომ დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონთან შეხვედრის შემდეგ "არქივებიდან „გამქრალი“ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის ასლი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, მინდია ჯანელიძეს 2014 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან ჩამოატანინა. 

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილს დახმარება 2013 წელს დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა სთხოვა, რომელიც დღეს დაკავებული კარტოგრაფების წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მოწმეა. 

კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი (2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე) ზურაბ ნოღაიდელი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე უკვე ​გამოკითხეს.

*** 

დავითგარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1:2 000 000 და რომ მათ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1:50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან" . 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო. 

ხელისუფლების მტკიცებით, მათ რუკა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიძია. 

დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა რუკების მოძიება ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა, მან კი ბიძინა ივანიშვილს მიმართა. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა დავით ხიდაშელს. თუმცა, თავად ხიდაშელი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ 2017 წელს გაიცნო.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ედავება უშუალოდ დავითგარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. უწყება მათ ედავება აზერბაიჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა. 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვებს ავრცელებს: "ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებასო".

დავითგარეჯის საზღვრის მონაკვეთი დღემდე ყველა დონეზე შეუთანხმებელია - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 446-კილომეტრიანი ზოლიდან შეთანხმებულია 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი.

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. 


close დახურვა