უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო ამბობს, რომ ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშით კაცობრიობა ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფის წინაშეა.
"აგრესორი აგრძელებს უკრაინაზე დამანგრეველი იერიშის მიტანას. მას არ აჩერებს მრავალათასიანი ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიები. დღეს მას მთელი მსოფლიოს განადგურება სურს. ტანკებიდან, გრადებიდან და სხვა მძიმე არტილერიიდან ესროლეს ევროპაში უდიდეს ზაპაროჟიეს ატომურ სადგურს და კარგად იციან ასეთი ქმედებების კატასტროფულ შედეგები", - ამბობს გალუშენკო.
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. სადგურს ცეცხლი უკიდია. ელექტროსადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე რუსების მიერ მიტანილ იერიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ატომური ელექტროსადგური არ დაუბომბავს, თუმცა რუსეთმა ეს გააკეთა.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ელექტროსადგურზე 6 ბლოკია და აფეთქების შემთხვევაში ევროპა ატომური კატასტროფის წინაშე დადგება. მას მაგალითად ჩერნობილის სადგურის აფეთქება მოჰყავს. ზელენსკის თქმით, ის მომხდარზე უკვე ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ინფორმაცია მიაწოდა.
ელექტროსადგურზე მეხანძრეები დაუშვეს.