შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად ტექნიკა აზერბაიჯანმა და სომხეთმა შესთავაზა, თუმცა, რელიეფზე ტექნიკა ვერ მუშაობს. სახანძრო თვითმფრინავები კი ამ ქვეყნებს არ ჰყავთ, "თორემ დაგვეხმარებოდნენ".
"აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტექნიკით დახმარება შემოგვთავაზეს, თუმცა ტექნიკა ჩვენც გვყავს, მაგრამ გაჩერებული გვყავს. ისეთი რელიეფია ფიზიკურად ვერ ვამუშავებთ. სახანძრო თვითმფრინავი დიდი ფუფუნებაა და არ ჰყავთ, თორემ დაგვეხმარებოდნენ. სახანძრო თვითმფრინავი ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და ყველა სახელმწიფოს არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნიდან თვითმფრინავი ჩამოვა. ევროპაშიც არის ხანძრები სხვადასხვა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ყველას თავისი გაჭირვება აქვს". - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება ხანძრის ქრობის დღევანდელ სამუშაოებს, შს მინისტრი ამბობს, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს ცეცხლი ბევრად დაბალია.
"დღეს ქარი იყო და ვერტმფრენებს მუშაობა ძალიან უჭირდათ. დილით რამდენიმე საათი იმუშავეს, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, ავიაციამ (სახანძრო თვითმფრინავებმა) მაქსიმალურად მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგიც სახეზეა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გუშინდელთან შედარებით ბევრად დაბალია ცეცხლი. დღეს შედარებით მეტი ქარი იყო, ვიდრე გუშინ". - თქვა შს მინისტრმა.
დღეს, 24 აგვისტოს, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო, ასევე, პროცესში ჩაერთო ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი და რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.
გუშინ, 23 აგვისტოს ღამით ბორჯომში ცეცხლმა ახალციხის სოფლებამდე მიაღწია.
ბორჯომის ხეობაში ხანძარს მეხუთე დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობას მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.
სამუშაოებში ვერტმფრენი მხოლოდ ხანძრის მესამე დღეს ჩაერთო.