logo
ENG



მინისტრის მოადგილე: არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე შსს-მ არ იმუშავა

01 მარ 202317:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/txrtdmds2mbv63h.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე უწყებამ არ იმუშავა, "არასწორია". პირველი არხის ცნობით, ასე ეხმაურება ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც 5 ივლისის მოვლენებზეც იყო საუბარი.

"გამოძიება ვაწარმოეთ სისხლის სამართლის 12 სხვადასხვა საქმეზე, შეიკრიბა 1 000-ზე მეტი მტკიცებულება, სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 31 პირი, 100-ზე მეტი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულად, 50-ზე მეტი პირი არის დაზარალებული, 300-ზე მეტი მოწმე კი დაიკითხა. პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და სადაც საკმარისი მტკიცებულება და სტანდარტი გამოიკვეთა, ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. სასამართლომ მათ მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

ყველა პირის მიმართ, ვინც ჩვენ და პროკურატურამ სასამართლოს წინაშე წარვადგინეთ, განაჩენები დადგა. სადაც საკმარისი მტკიცებულება გამოიკვეთა, ხალხი პასუხისგებაში მიეცა, ხოლო სადაც პასუხისმგებლობის შესაბამისი მტკიცებულებები არ გამოიკვეთა, პოლიციასა და პროკურატურას ბრალის წაყენების უფლებამოსილება არ ჰქონდა. არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა. როცა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს", - აცხადებს დარახველიძე.

გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიც მოხვდა. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ 5 ივლისის ძალადობის გამო არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ 5 ივლისის მოვლენები პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ განვითარდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებას "მიუღებელი" უწოდა.

***

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.

5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. 

ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. 5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები - ალტ-ინფოს ლიდერები.


close დახურვა