სოციალურ ქსელში ვრცელდება მინსკი-თბილისის რეისზე გადაღებული კადრები, რომელშიც მგზავრებს შორის დაპირისპირება ჩანს.
როგორც თვითმხილველი ბელარუსულ მედია Gazetaby-სთან ყვება, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქართველმა კაცმა ბელარუსი ქალის შეურაცხყოფა დაიწყო. მისი თქმით, ეს ინციდენტი სხვა მგზავრებმაც შენიშნეს.
ის ამბობს, რომ ბორტგამცილებლებმა ქალი სხვა ადგილზე გადასვეს, მაგრამ კონფლიქტი არ განიმუხტა, რადგან სხვა მგზავრებს, მათ შორის ქართველებს, "კაცის ცემა სურდათ".
თვითმფრინავის თბილისში დაშვების შემდეგ კაცი, სავარაუდოდ, დააკავეს. შსს-ში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე გამოკითხულია.