მინსკის მიტროპოლიტმა პაველმა ქვეყნის მოსახლეობას, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის ნაადრევი მილოცვის გამო ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბელარუსის ბიურო ავრცელებს.
სასულიერო პირმა ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება 9 აგვისტოს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიულოცა. მიტროპოლიტის ამ ქმედებამ, მორწმუნეების შეშფოთება გამოიწვია.
მოგვიანებით, მიტროპოლიტის სახელით, ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის პრესსამსახურმა, რადიო თავისუფლების ადგილობრივ ბიუროსთან ისაუბრა. სერგეი ლეპინის თქმით, მიტროპოლიტმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესხებ მიიღო ინფორმაცია და მიმდინარე მოვლენების გამო მწუხარება გამოთქვა.
"მიტროპოლიტმა მიიღო ინფორმაცია ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ნახა მომიტინგეების დაკავების ვიდეოები, ამ ვიდეოებმა მიტროპოლიტი აღაშფოთა და დაამწუხრა", - განაცხადა სერგეი ლეპინმა.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.