logo
ENG



მინსკში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს

07 სექ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 
2jig6rz25zealmn.jpg

მინსკში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, კოლესნიკოვა ეროვნულ სამხატვრო მუზეუმთან უცნობმა პირებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გატაცებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა. 

"ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ბელარუს ხალხს ესაუბროს, ის მათ ცინიკურ ლიკვიდაციას ცდილობს. მარია კოლესნიკოვას გატაცება მინსკის ცენტრში - სირცხვილია. სტალინის მეთოდებს 21-ე საუკუნის ევროპაში იყენებენ. ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ", - წერს ლინკევიჩუსი

ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.


close დახურვა