logo
ENG



მინსკში საპროტესტო აქციაზე 20-მდე ჟურნალისტი დააკავეს

27 აგვ 202022:54
3 წუთის საკითხავი
 
3r5i42xvmx9hox6.png

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე 20-მდე ჟურნალისტი დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა MEDUZA ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულებს შორის არიან Associtated Press-ის, Reuters-ის, BBC-ის, რადიო თავისუფლების, ТАСС-ისა და РИА-ს ჟურნალისტები. 

გამოცემის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ჟურნალისტები დოკუმენტების გადასამოწმებლად დააკავეს.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დააკავეს.


close დახურვა