"რიონის მცველების" ერთ-ერთი აქტივისტი მირზა ნოზაძე აცხადებს, რომ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად, 2 აქტივისტია დაკავებული. მისივე ცნობით, დაკავების პროცესში მათ პოლიციამ სცემა.
"ჩვენი ინფორმაციით ორი ადამიანია დაკავებული. პოლიციამ თავისი ძალის დემონსტრირებით გამოიწვია გაღიზიანება ჩვენი აქტივისტების. ბოლო მომენტში როცა თითქმის დავაწყნარეთ ჩვენი აქტივისტები და ვაპირებდით გამოსვლას დაძაბული სცენარიდან, მაინც მოახერხეს 2 ადამიანის ჩუმად დაჭერა და ჩვენი ინფორმაციით ცემეს კიდევაც. ჩვენმა აქტივისტებმა ნახეს რომ დაკავების პროცესში სცემდნენ მათ", - ამბობს ის ფორმულასთან საუბრისას.
ცოტა ხნის წინ კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან შეკრებილ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. შედეგად, რამდენიმე აქტივისტია დაკავებული. ფორმულა მათ შესახებ ინფორმაციას შსს-სგან ელოდება.
ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ინციდენტი ადგილზე სწორედ ენკას მანქანის მოსვლას მოჰყვა.
"მომართულია ხელისუფლების ხელი ჩვენ წინააღმდეგ. ბიჭები დახვდნენ ენკას მანქანებს მშვიდობიანად, ხელებაწეულები, არ ვატარებდით. პირდაპირ დარბევაზე გადმოვიდა პოლიცია, მიახეთქეს ადამიანები მანქანებს. არავის ინდობენ. ადამიანები ლამის ჩაცვივდნენ ცეცხლში, რომელიც გასათბობად გვქონდა დანთებული. ერთი ადამიანი დაეცა ცეცხლზე და იქვე წამოვაყენეთ, თორემ მართლა საშინებელა მოხდებოდა".
მისივე თქმით, აქცია გაგრძელდება.
აქტივისტებმა, რომლებიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან, ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან სოფელ გუმათიდან გადმოინაცვლეს. მათ მოახდინეს ხეობის ბლოკირება, როგორც თავად თქვეს, ხელისუფლების მიერ სოფელ ნამოხვანის ჩაკეტვის საპირწონედ.
დემონსტრანტებს რამდენიმე დღეა, სოფელ ნამოხვანში შესვლა არ შეუძლიათ.