logo
ENG



მირიან ნიკოლაძე ბრალდებულების საკნების ჩანაწერებზე: აღიარებითი ჩვენებები მოვისმინეთ

06 სექ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის და ახლობლის, მირიამ ნიკოლაძის თქმით, ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საკნის ჩანაწერებით საზოგადოებამ აღიარებითი ჩვენებები მოისმინა. 

"მოვუსმინეთ რევაზიშვილის შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ არ აღმოჩენილი მათი გენეტიკური კვალი ჩანთაზე. საზოგადოებამ უსმინა თავისი ყურით, როგორ გეგმავდა ეს პირი ქალზე და ბავშვზე ზეწოლის განხორციელებას". - უთხრა მან ფორმულას. 

საქმე 5 სექტემბერს ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხება, რომლებიც გლდანის #8 საპატიმროშია გადაღებული და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არიან ასახული. 

ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკნიდანაა. ვიდეოს მიხედვით, რევაზიშვილი ამბობს, რომ სურს იპოვოს ადამიანები, რომლებიც მისი ყოფილი თანასაკნელის, კობა ჩიტიძის ცოლს და შვილს დაემუქრებიან. 

კობა ჩიტაძე რევაზიშვილის ყოფილი თანამესაკნეა, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობს და რომელმაც პროკურატურას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მან, თავის მხრივ, ნიკოლოზ რევაზიშვილისგან, გიორგი ქარაშვილის გაუჩინარების ღამის, 19 ივნისის მომხდარის შესახებ მოისმინა. 

რევაზიშვილი ასევე ამბობს, რომ "ნერვიულობდა, დნმ-ზე რამე არ ექნათ". 

"ეგ იქნებოდა პირდაპირი მტკიცებულება". - ამბობს ის. 

იმავე ჩანაწერში ერთ-ერთი ბრალდებული აპროტესტებს სასჯელს, რომელიც მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ემუქრება. 

სხვა საკნის ჩანაწერში ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ მისთვის ბრალის დამძიმება არასწორია, ვინაიდან ის იმ პირთან ერთად იყო, რომელსაც პროკურატურამ ბრალი არ დაუმძიმა. 

იგივე ბრალდებული ამბობს იმასაც, რომ მამამისი "გაგიჟდება, რომ გასროკონ" და მასაც დააპატიმრებენ. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საკნებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა. 

უწყების ცნობით, ჩანაწერები საქმეს მტკიცებულებების სახით ერთვის და გასაიდუმლოების შემდეგ მასალები დაცვის მხარესაც უკვე გადასცეს. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა