logo
ENG



მიტრიპოლიტი ნიკოლოზი: საქმე კონკრეტული პირების ღალატში არაა, აგრესიაა ქვეყნის წინააღმდეგ

11 ოქტ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, მართალია ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, იქვე მიუთითებს, რომ საქმე ეხება არა კონკრეტული ადამიანების ღალატს, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებას. ხოლო "ვინ არის მოღალატე, სახელებს, ადრე თუ გვიან, ყველა გავიგებთ". 

"მე პრინციპულად ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ასეთ დეტალებში ჩაღრმავება, მე არ მაქვს არავითარი სრულყოფილი ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ არც საპატრიარქოს აქვს ასეთი ინფორმაცია. ერთი რომელიღაცა სადემარკაციო და რომელიღაცა ადამიანის ღალატთან არ არის დაკავშირებული, ეს არის პირდაპირი აგრესია ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ.

ვისგან მოდის, საიდან მოდის, ვინ არის მოღალატე, ამ სახელებს ადრე თუ გვიან ყველანი გავიგებთ.

ეს ახალი ამბავი არ არის თან. დავითგარეჯა ეს არის საქართველო, ყოველთვის იქნება საქართველო, ვინც რა ღონისძიება არ უნდა ჩაატაროს. შეიძლება დღეს დავკარგოთ და ხვალ დავიბრუნოთ",- აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. 

ახალქალაქელი ეპისკოპოსი არ არის ერთადერთი საპატრიარქოდან, რომელიც დავითგარეჯას საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით სიტყვა "ღალატს" იყენებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კომისიის მუშაობას არაერთხელ უწოდა მოღალატეობრივი. 

დავითგარეჯას მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი კი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა კარტოგრაფების წინააღმდეგ. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ. 

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 


close დახურვა