logo
ENG



მიტროპოლიტი ანტონი: არავის შესაკითხი არ გვჭირს, სად და ვისთან მივიდეთ

20 სექ 202016:26
3 წუთის საკითხავი
 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე დასწრება არჩევნებზე ჩარევას არ ნიშნავს.

მისი თქმით, ის საარჩევნო ღონისძიებებზე წინა ხელისუფლების დროსაც ესწრებოდა და მომავალშიც დაესწრება.

როგორც ეპისკოპოსი ამბობს, სასულიერო პირების მოვალეობა არ არის მთავრობის შეწინააღმდეგება.

"შეეგუეთ, რომ ჩვენ ყველა დროში ჩვენი თავაზიანობის მიზნით არსებულ ხელისუფლებასთან ნებისმიერ ღონისძიებაზე, სადაც ჩავთვლით საჭიროდ ყველა დროში ვიქნებით, თუ ისინი არ ითაკილებენ ეკლესიასთან ნორმალურ და ცივილიზებულ ურთიერთობას და ნუ სურთ მავანებს, რომ თავისებური ინტერპრეტაციებით ეს გამოიყენონ ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენ არავის შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და ვისთან მივიდეთ.

ჩვენ არც სიტყვით არ გამოვსულვართ და არც მხარდაჭერა გაგვიკეთებია. ჩვენი საქმე არ არის მთავრობასთან შეწინააღმდეგება, იმ ადგილზე ვინც უნდა მივიდეს, ჩვენ იმას ჩავთვლით ღვთისაგან. ჩვენი როლი არ არის მივიღოთ მონაწილეობა ან ჩამოგდებაში ან რევოლუციაში ან გადაგდებაში". - განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი 19 სექტემბერს, ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას ესწრებოდა. 

ფოტო, სადაც სასულიერო პირი ჩანს, თავად მმართველმა პარტიამ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ ღონისძიებებს სასულიერო პირები ესწრებიან. 

მმართველი გუნდის საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.


close დახურვა