logo
ENG



მიტროპოლიტი სტეფანე: კანონის უზენაესობა ღმერთის უზენაესობას ეწინააღმდეგება​

06 ივნ 202114:09
3 წუთის საკითხავი
 

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ საკვირაო ქადაგება ლგბტქ ადამიანების დისკრედიტაციას და მათ მიმართ სიძულვილის გამოხატვას მიუძღვნა.

მან აგრესია გამოხატა იმ ადამიანების მიმართაც, ვინც ნინოწმინდის პანსიონის გახსნა და იქიდან, ძალადობის გამო, ბავშვების გაყვანა მოითხოვა. 

ეპისკოპოსმა გააკრიტიკა სასამართლოს 5 ივნისის გადაწყვეტილებაც ბავშვების პანსიონიდან გაყვანის შესახებ და თქვა, რომ "კანონის უზენაესობა ღმერთის უზენაესობას ეწინააღმდეგება". ამასთან, მრევლს მოუწოდა, "არ დაემორჩილონ იმ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობას ეწინააღმდეგება". 

მიტროპოლიტი სტეფანეს აგრესიის ობიექტები იყვნენ ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანებიც, რომლებსაც ეპისკოპოსმა ზომბები უწოდა და "დანგრევითაც" დაემუქრა. 

"ჩვენ არ უნდა დავემონოთ და არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს. არც იმ ცრუ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობის საწინააღმდეგოა. 

დაეტაკნენ ნინოწმინდის ბავშვთა დაწესებულებას ცრუ ბრალდებებით. ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს, მაგრამ წამოენთნენ ისინი, ვინც არიან ლიბერალების გამტარებლები ყველა მიმართულებით. დაიწყეს აგიტაცია-პროპაგანდა, როგორც კომუნისტების და ფაშისტების დროს. მიდის თავდასხმა ღირებულებებზე, თან ვითომ ძალადობას ებრძვიან და თვითონ ძალადობენ, ისე ძალადობენ, რომ ამის გამო ბავშვებს სტრესი აქვთ. 

შეიჭრნენ. ბავშვები შეშინებულები არიან, არ იციან, რა გააკეთონ, არ იციან, ვინ იცავს, ვინ მოწინააღმდეგეა, სად წაიყვანენ, რა მდგომარეობაში იქნებიან - ქრისტიანები რომ არიან, მაგიტომ. თვითონ ზომბები. იდეოლოგიით შეპყრობილი ხალხი ქრისტიანებს ზომბებს ეძახის. 

გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. აქედან - შეტევა ეკლესიაზე, იქიდან - პრაიდი. ფაქტობრივად ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, რომ გადატეხონ საქართველო, რომელიც უძველესი დროიდან ქრისტიანულია. ვითომ ქრისტიანებს მღვდლების ფორმებიც აცვიათ, ლგბტ-ს გვერდით სხედან და იმათთან ერთად ებრძვიან ეკლესიას. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ

რა ძალა გვაქვს ჩვენ - ჭეშმარიტების სიტყვა. ჩვენ სხვა არაფერს გამოვიყენებთ. დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო. ჩვენი მართალი სიტყვა იქნება თქვენი დამანგრეველი". - თქვა მიტროპოლიტმა ტაძარში ქადაგების დროს. 

მიტროპოლიტი სტეფანესთვის, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრირქოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა სასამართლოს 5 ივნისის განჩინება, რომლის მიხედვითაც, შშმ ბავშვებმა ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ. გადაწყვეტილება უნდა შეეხოს სხვა ბავშვებსაც. 

საპატრიარქო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მაგრამ საჩივარი დროებითი განჩინების აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა

და შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომლის დაკმაყოფილებაც კანონით შეეძლო. 

თუმცა, ორგანიზაციისვე განმარტებით, "სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია". 

ამაზე მიუთითებს თავად მოსამართლის ჩანაწერებიც განჩინებაში, რომელშიც ვკითხულობთ:  

"ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად პანსიონატში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა".

"საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოში ამ ეტაპზე აღძრული არ არის სარჩელი, რომლის განხილვასაც შესაბამისი დრო ესაჭიროება, სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება შეექმნას საფრთხე. შესაბამისად, არ უნდა დაზარალდეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი". 

პანსიონში, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც ყვება, რომ პანსიონში ბავშვებს "რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ". მისივე თქმით, აქ "7 წლის ბავშვი ცემით შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს". 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს.


close დახურვა