ჭყონდოდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილე სამი სასულიერო პირი თავის საქციელს არ მოინანიებს, ისინი მღვდელმსახურებიდან განიკვეთებიან. მიტროპოლიტის განცხადებას ერთსულოვნება ავრცელებს.
"სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს.
ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები", - აცხადებს მიტროპოლიტი.
როგორც ის ამბობს, დღეს სალხინოს ტაძარში არ ყოფილა, თუმცა იცის, რომ ხალხის უკმაყოფილება დიაკვან ანანიას ამბიონზე ასვლას მოჰყვა.
"დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია იმ ხალხის გაღიზიანება, რომლებიც მოსულები იყვნენ. მე იქ არ ვიყავი და ზუსტად არ ვიცი სიტუაცია, ბოლომდე. საბოლოო ჯამში, ჩოჩქოლში გადაიზარდა და ლოცვა ჩაიშალა ისევ",- ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე.
ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს დაპირისპირება იყო. სალხინოს ტაძარში ახლადდადგენილი ეპისკოპოსის სტეფანეს მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევასაც.
ვითარების განსამუხტად, ტაძრის ტერიტორიაზე პოლიციაც იყო მისული. მეუფე სტეფანემ გუშინ სალხინოს ტაძრის წინამძღვრად გოჩა ლიპარტელიანი დანიშნა, რომელსაც დღეს მსახურების ჩატარება სურდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.
ჭყონდიდის ეპარქიაში ადგილობრივი სამღვდელოების ნაწილსა და მიტროპოლიტ სტეფანეს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო.
ადგილობრივი სამღვდელოების ნაწილი აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს, რომელმაც 2019 წლის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქ ილიას "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა, მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ.