logo
ENG



მიშა მშვილდაძე სუს-ის ფაილების საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა

17 სექ 202113:11
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე პროკურატურაში გამოიკითხა.

როგორც მან უწყების დატოვების შემდეგ აღნიშნა, გამოძიების კითხვები სუს-ის ფაილების საქმეს უკავშირდებოდა. 

"მე განვუმარტე გამომძიებელს და ვუთხარი ყველაფერი, რაც ვიცოდი ამის თაობაზე. რომ შეძლონ გამოძიების წარმართვა და გამოავლინონ ყველა დამნაშავე, რომლებიც იკვეთება სუს-ის თანამშრომლების სახით, რომლებიც უკანონო თვალთვალს და უკანონო საქმიანობას ახორციელებდნენ, მერე აგროვებდნენ კომპრომატებს ადამიანებზე და არ ჰქონდათ რეაგირება მათ ჩადენილ კრიმინალურ აქტებზე და ამას იყენებდნენ მათ წინააღმდეგ კომპრომატებად, ამ ნაწილში ჩვენ რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ გამოძიებას, ვითანამშრომლებთ", - ამბობს მშვილდაძე. 

პროკურატურაში უკვე გამოიკითხნენ ფორმულას ჟურნალისტები მარტა ქურასბედიანი და ქეთი ნადიბაიძე. 

მშვილდაძემ ფორმულას ეთერში გუშინ 16 სექტემბერს თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ  გარკვეული სახის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მიწოდება შეეძლოთ. მიშა მშვილდაძის თქმით, მათ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. მისივე განცხადებით, არ აპირებს წყაროს გაცემას - "წყაროს გათქმას მე არ ვაპირებ, ადამიანობაც მაძლევს ამის ვალდებულებას და კანონი უფლებას" - ამბობს ის.

როგორც მიშა მშვილდაძე ყვება, მამუკა მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ გაუჩნდა ეჭვი, რომ ქართულ ოცნებაში სწორედ ზემოხსენებული კადრების შესახებ საუბრობდნენ. მისივე თქმით, კადრების გავრცელება, ამ შემთხვევაშიც, სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა