ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამის შესახებ შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს საქართველოში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ბევრ მუშაობას საჭიროებს.
"პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. ქართველმა ლიდერებმა დღეს მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით და მე კარგად ვიცი, რაოდენ დიდი ძალისხმევა გახლავთ ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში. მე კარგად ვიცი, რომ ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი", - ამბობს შარლ მიშელი.
მისივე თქმით, დღევანდელი შეთანხმება საარჩევნო და სამართლებრივი რეფორმების საფუძველია.
"საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს, რომ განახორციელოს საარჩევნო და სამართლებრივი რეფორმები. მე დარწმუნებული ვარ, რომ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება პარლამენტის მდგრადი ფუნქციონირების მდგრადი საფუძველი და ეს იქნება წინაპირობა, რომ იქნება ინკლუზიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - თქვა მიშელმა.
ამასთან, მან მზაობა გამოხატა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და თქვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭრა გაგრძელდება მომავალშიც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ინსტიტუტების გაძლიერება აუცილებელია.
"ჩვენი მზაობა და ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც ვიხილავთ ზემოაღნიშნული რეფორმების გაძლიერებას და გაღრმავებას. ევროკავშირმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები კრიზისის განმუხტვის მიზნით. კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის მზადყოფნა ტერიტორიული მთლიანობისთვის და სუვერენიტეტისთვის კვლავ რჩება ურყევი. საქართველოსთვის როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტების გაძლიერება. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით. ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები", - ამბობს მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
მიშელმა ჩამოსვლა გუშინ, 19 აპრილს მას შემდეგ დააანონსა, რაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა შავგულიძემ.
ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.