logo
ENG



მიშელი: უკრაინის EU-ს წევრობის განაცხადს მაშინ განვიხილავთ, როცა უკეთესი მომენტი დადგება

05 მაი 202214:17
3 წუთის საკითხავი
 
მიშელი: უკრაინის EU-ს წევრობის განაცხადს მაშინ განვიხილავთ, როცა უკეთესი მომენტი დადგება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი EU-ს წევრობასთან დაკავშირებით უკრაინის განაცხადის განხილვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს და ამბობს, რომ ეს მოხდება მაშინ, როცა "უკეთესი მომენტი დადგება".

ინტერფაქს-უკრაინისთვის მიცემულ ინტერვიუში მიშელმა განმარტა, რომ ევროკომისია დასკვნებს ივნისში გადასცემს, რის შემდეგაც საკითხს ევროპული საბჭო გადახედავს.

"ვალდებული ვიქნებით დასკვნაში შევაფასო, როდის ვიქნებით მზად, რომ ეს თემა ევროსაბჭოს დღის წესრიგში შევიტანოთ. გავივლი კონსულტაციას ყველა აქტორთან, რომ შევაფასო, როდის დადგება უკეთესი მომენტი და როდის ვიქნებით მზად ეს დებატები ევროპის საბჭოს დონეზე გავმართოთ. იქნება ეს ივნისში, თუ უფრო გვიან, ამას კონკრეტულად ვერ ვიტყვი", - თქვა მიშელმა.

ამასთან, მიშელმა აღნიშნა, რომ უკრაინის განაცხადი წევრობასთან დაკავშირებით უკვე გადის ყველა საჭირო პროცედურას დაჩქარებული წესით.

"ფაქტობრივად, განაცხადის მიღებიდან რამდენიმე დღეში, მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება და დავავალეთ ევროკომისიას, წარმოადგინოს თავისი დასკვნები. ჩვეულებრივ, ამას 8-9 თვე სჭირდება. დე ფაქტო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იყო მიღებული",- აღნიშნა მიშელმა.


close დახურვა