logo
ENG



მიშელის კაბინეტის უფროსი: საქართველოს სტატუსი პრიორიტეტების შესრულებისთანავე მიენიჭება

06 ოქტ 202212:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/06/nkj93xmkvb7doaz.jpg

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 2022 წლის 29 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელისგან ფრედერიკ ბერნარდისგან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც საუბარია ევროპული საბჭოს მზადყოფნაზე - მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები.

აპარატის ცნობით, წერილში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭომ ნათლად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიაჩნია, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია.

ომბუდსმენის ცნობით, წერილში ფრედერიკ ბერნარდი პატივისცემას გამოხატავს საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, ხაზს უსვამს სახალხო დამცველის აპარატის როლსა და მნიშვნელობას ქვეყანაში კანონის უზენაესობის რეფორმების განხორციელების საქმეში და მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის.

"მადლობას მოგახსენებთ 22 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი გაგზავნილი წერილისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა.

24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო საბჭოს დასკვნები, რითიც გამოხატა მზადყოფნა საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი როგორც კი მოხდება კომისიის მიერ საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით გაცემულ დასკვნაში ჩამოთვლილი პრიორიტეტების შესრულება. ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ ევროპის საბჭომ ერთმნიშვნელოვნად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია.

ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა. ამ მხრივ, პროგრესი პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მიმართულებით პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით უმნიშვნელოვანესი იქნება. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ თქვენი აპარატის მნიშვნელოვან როლს ამ საქმეში და ვაფასებ თქვენს ფასდაუდებელ საქმიანობას", - აღნიშნულია ფრედერიკ ბერნარდის წერილში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

2022 წლის 22 ივნისს ომბუდსმენმა შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა და თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.

 


close დახურვა