logo
ENG



მიშველაძე სახლის გაქურდვაზე: არ გამოვრიცხავ, რომ დაშინების მცდელობაა

15 აგვ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 

ტვ პირველის ჟურნალისტი ეკა მიშველაძე არ გამორიცხავს, რომ მისი სახლის გაქურდვა 5-6 ივლისის მოვლენების შემდგომ აქტიურობას უკავშირდებოდეს და მიზნად მის დაშინებას ისახავდეს. 

მიშველაძემ დღეს, 15 აგვისტოს თქვა, რომ გაქურდეს. როგორც ამბობს, სახლში ბოლოს 5 დღის წინ იყო, შესაბამისად, დანაშულიც ამ პერიოდში მოხდებოდა. 

"გასაღები მოვარგე და არც გადამიტრიალებია, შეიღო კარი. როცა დავინახე ღია კარადები, არეულობა, მივხვდი, რაც მოხდა. 

არ ვიცი, რამე წაიღეს თუ არა.ერთი შეხედვით, წაღებული არაფერია. სახლში ფული და ოქრო არ ყოფილა.  

ბოლოს ამ სახლში ვიყავი 5 დღის წინ. მაშინ ჩავკეტე კარი და წავედი. დანაშაული ამ შუალედში მოხდა. 

არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ეს ჩემს ბოლოდროინდელ აქტივობას უკავშირდებოდეს. ჩუმად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყველამ იცის, 5-6 ივლისის - მედიის მიმართ სპეცოპერაციის შემდეგ განსაკუთრებით აქტიური ვარ მეც და ჩემი კოლეგებიც. შესაძლოა იყოს დაშინების მცდელობაც. ეს გამოძიების გასარკვევია".- თქვა მან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.  

5 ივლისს, 18:00 საათზე ღირსების მარში უნდა გამართულიყო. ძალადობრივმა ჯგუფებმა მის ჩასაშლელად შეკრება წინა ღამეს დაიწყეს. 5 ივლისის დილას მათ ჯერ პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციური კარვები ორგანიზებულად დაშალეს, შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. რამდენიმე მათგანს ოპერაციაც დასჭირდა. 

11 ივლისის დილით კი ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, დედამ გარდაცვლილი ნახა. 

ლაშქარავას გარდაცვალებას ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა. 


close დახურვა