logo
ENG



მიწისძვრიდან 2 კვირის შემდეგ თურქეთში სამაშველო სამუშაოები სრულდება

19 თებ 202314:12
3 წუთის საკითხავი
clock 511
2023/02/19/cewsr2utyzoivzh.jpg
REUTERS/Eloisa Lopez

მიწისძვრიდან 2 კვირის შემდეგ თურქეთში სამაშველო სამუშაოები სრულდება. 

თურქეთის კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის იუნუს სეზერის თქმით, თურქეთში სამაშველო-გადარჩენითი სამუშაოების უდიდესი ნაწილი დღეს, 19 თებერვლის ღამით დასრულდება.

თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ 46 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

როგორც ცნობილია, მხოლოდ თურქეთში 345 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

არც თურქეთის და არც სირიის ხელისუფლებას ოფიციალურად არ გამოუცხადებია რამდენი ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად.

სამაშველო სამუშაოების მე-12 დღეს მაშველების თქმით, ძაღლებმა და თერმულმა კამერებმა 2 ადამიანის სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს, თუმცა ოპერაციიდან 8 საათში მაშველებმა შეწყვიტეს ძებნა.

„არავინაა ცოცხალი. არ მგონია, რომ კიდევ შევძლებთ ადამიანების გადარჩენას“- განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა მუჯდათ ერდოღანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში 26 მილიონამდე ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში დღეს, 19 თებერვალს ჩავა და განიხილავს კატასტროფის შემდეგ აშშ-ის მხრიდან დახმარების გზებს.

სირიაში ოფიციალური მონაცემებით მიწისძვრის შედეგად 5 800 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა უმეტესობა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია, რომელსაც პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხებული ძალები აკონტროლებენ.

საკვების მსოფლიო პროგრამის (WFP) ცნობით, ქვეყნის ამ ნაწილში მათ შესვლა აუკრძალეს.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 5 მოქალაქე.

მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში. თურქეთში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი. 

 
 

close დახურვა