რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი იმედოვნებს, რომ სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრას გამართავს.
"იმედი მაქვს, რომ დიახ", - განაცხადა გალუზინმა, როდესაც მას სთხოვეს, დაედასტურებინა ინფორმაცია აღნიშნული კონსულტაციების უახლოეს პერიოდში გამართვის შესახებ.
მანამდე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის პირველი შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინთან, შესაძლოა უახლოეს პერიოდში გაიმართოს.
"რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, ამ ურთიერთობების აღდგენას თავისი ბუნებრივი ბარიერი აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოთა ე.წ. აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება.
რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება. ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული.
[შეხვედრა] ალბათ ძალიან მალე იქნება, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება, სად იქნება როდის იქნება ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ ინფორმაციას", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ,"ოცნების" პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. იგი პარალელურად საგარეო უწყებაში დაკავებულ თანამდებობასაც შეინარჩუნებს, რაც რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგისა და მანდატის ზრდას გულისხმობს.
