logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი 13 იანვარს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება

12 იან 202214:17
3 წუთის საკითხავი
 
მიხეილ სააკაშვილი 13 იანვარს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს პირადად დაესწრება. 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავენ.

"ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე", - ამაზე ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სადაც ასევე აფასებს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განაჩენს. 

"ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი.

როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი "განსასჯელებს" და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი. მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო "სასამართლომ", გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო" - ასეა ზუსტად ამ "მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე", - წერს ის. 

***

მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია. 

ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები

მათი საქმეები ერთმანეთისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.


close დახურვა