საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, გორის ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. უცნობია, თუ სად გადაჰყავთ ის.
როგორც დღის განმავლობაში მისი ადვოკატები და თანაპარტიელები ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ფორმულას რეპორტიორი ადგილიდან ყვება, რომ რამდენიმე წუთის წინ, ჰოსპიტალთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები. ამ წუთებში ჰოსპიტალთან სიმშვიდეა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.
27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.