logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრება

20 სექ 202312:36
3 წუთის საკითხავი
 

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრება.

პროცესზე დღეს ის საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, ვინაიდან სასამართლო კოლეგიაში ცვლილება შევიდა, დღევანდელ პროცესზე დადგება შუამდგომლობა, რომ საქმის თავიდან განხილვა დაიწყოს.

"დღეს სასამართლოს აქვს განსახილველი საკითხი, უნდა დაიწყოს თუ არა საქმის ხელახლა განხილვა. ამ საქმეზე შეცვლილია სასამართლოს შემადგენლობა, რაც საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საქმის ხელახლა დაწყების საფუძველია, რადგან სასამართლოს შემადგენლობამ, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მნიშვნელოვანია, რომ თავად გამოიკვლიოს მტკიცებულებები.

რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მათ შორის ბრალდების მხარის პოზიციაა, რომ უნდა დაიწყოს საქმის ხელახლა განხილვა, ბუნებრივია, ჩვენც მსგავსი შუამდგომლობა გვექნება, ვინაიდან გვინდა, რომ ფორმალურად მაინც დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება"- თქვა თუთბერიძემ.

სხდომის პარალელურად, ეზოში შეკრებილი არიან სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი ბოლო რამდენიმე პროცესს დისტანციურადაც ვერ ჩაერთო.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა