logo
ENG



მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო იუსტიციის გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

22 ოქტ 202117:14
3 წუთის საკითხავი
clock 3540

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ფანჯრის ჩამომტვრევის ფაქტზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

მათი განმარტებით, ამის საფუძველი შეტყობინება გახდა, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საშხაპე ოთახში ყოფნისას ფანჯრის მინა ჩამოიმტვრა. უწყება აცხადებს, რომ ადვოკატთან შეთანხმებით, 22 ოქტომბერს დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება.

ადვოკატების ინფორმაციით, შესაძლოა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს შეზღუდვები დაუწესონ.

"ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა რომ საზღვრის კვეთის საქმეზე წინასასამართლო პროცესი განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი კომიკურია.

ღარიბაშვილი იმდენად გამწარდა, რომ ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია გარესამყაროსგან, პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა რაღაც ღონისძიებები გადაედგათ. რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. 

გუშინ, 21 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან შეკრებილებს გისოსებიდან მიმართა. მან რამდენიმე წამით შეძლო ფანჯარასთან მისვლა. 

მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა საშხაპე ოთახიდან მიმართა, რითაც შინაგანაწესი დაარღვია. მათივე ცნობით, ბადრაგი მას დერეფანში ელოდებოდა. 

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმავე საკანშია, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. 

სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

 


close დახურვა