მთავრობა ქალის მკვლელობის ბრალდებით ძალოვანი უწყების მთვრალი თანამშრომლის დაკავებას არ გამოხმაურებია.
ოპონენტები იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც სამართალდამცველმა საყოველთაო კომენდანტის საათის დროს იარაღის უმიზნოდ გამოყენება გაბედა, „ქართული ოცნების“ მიერ კრიმინალის წახალისებასა და დაუსჯელობის სინდრომს ასახელებენ.
ძალის გადამეტების არაერთი შემთხვევის გამო აქამდე დაუსჯელი სამართალდამცველები სისტემის მუშაკებისთვის მაგალითია თავნებობის და იმის, რომ პოლიციას, ხელისუფლების მწვანე შუქით, კანონზე მაღლა დგომა შეუძლია - ასე აფასებენ ოპოზიციაში ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ მკვლელობას.
საბურთალოზე მომხდარი ტრაგედია განსაკუთრებით მძიმეა უფლებადამცველებისთვის იმის გამოც, რომ დანაშაული საგანგებო მდგომარეობის დროს მოხდა, ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში ყოფნას ავალდებულებს, სამართალდამცველის ბრმა ტყვია კი მოქალაქეს კომენდანტის საათის დროს სახლში ხვდება.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მკვლელობა გუშინ გვიან ღამით მოხდა - 50 წლის ქალი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. ბრალდებული შსს-ს თანამშრომელია.