logo
ENG



მმართველი გუნდი უგულავას დაკავებაზე საუბარს თავს არიდებს

11 თებ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებიდან მეორე დღეს, მმართველი გუნდი უჩვეულოდ პასიურია.

ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ დღეს პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე, საკანონმდებლო ორგანო თითქმის ცარიელი იყო.

მმართველი გუნდის წევრები პარლამენტში დილიდან არ მისულან იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ოფიციალური ღონისძიება ჩანიშნული იყო. ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართა კომიტეტის სხდომებიც. 

ერთადერთი დეპუტატი რომელიც დილიდან  მედიასთან გამოჩნდა - რატი იონათამიშვილია. ჟურნალისტების შეკითხვა ოპოზიციის ლიდერის დაკავებას შეეხებოდა, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარე მოკლე პოლიტიკურ გზავნილით შემოიფარგლა.

დღის მეორე ნახევარში, პარლამენტში „ოცნების" სხვა წევრებიც გამოჩნდნენ. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შეფასებაზე პასუხისმგებლობა  უმრავლესობის ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა იკისრეს. მათ შორის იყო  კონგრესმენ ადამ კინზინგერისა და სენატორ ჯიმრიშის მწვავე კრიტიკა. „ოცნების" პასუხი წინა შემთხვევებისგან არც ამჯერად განსხვავდება. მმართველი პარტია ისევ ჯიუტად ამტკიცებს,რომ კონგრესმენები შეცდომაში ქართულმა ოპოზიციამ შეიყვანა. თუმცა რატომ ვერ შეძლო ამერიკაში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარტნიორების დროული ინფორმირება -  პასუხი არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ უგუგლავას დაკავებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უგულავას დაკავების გამო, იმედგაცრუებულია, რადგან ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით „ოცნების" თეორია კიდევ უფრო შორს წავიდა. თქვეს, რომ დესტრუქცია ოპოზიციის გეგმის ნაწილი იყო. არადა პოლიტიკური პარტიები კომპრომისულ ვარიანტზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, მათ შორის განიხილეს ინიციატივა რომელიც მანდატების გადანაწილებას გულისხმობდა პროპორციით 130/20-ზე. თუმცა  „ქართულმა ოცნებამ" აქაც„შეთქმულება" დაინახა და თქვა, რომ ოპოზიციის კონსულტაციებიც ილუზია იყო, რომელიც ელჩების მოტყუებას ემსახურებოდა.

„ოცნება" პრობლემას ვერც პოლიტიკურ კრიზისში ხედავს. ივანიშვილის თანაგუნდელები საჯარო განცხადებებში ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ თუმცა რას ეტყვიან დიპლომატიურ კორპუს - უცნობია.

ფაქტია, რომ ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ელჩები იმედგაცრუებულები არიან და ახსნა-განმარტებას ითხოვენ. 


close დახურვა