logo
ENG



მმკ-ს ისაკაძეს უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხზე რუსეთთან კავშირი ჰქონდა - ფაილები

13 სექ 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
მმკ-ს ისაკაძეს უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხზე რუსეთთან კავშირი ჰქონდა - ფაილები

საპატრიარქოს შესახებ გავრცელებული ფაილების მიხედვით, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მღვდელი დავით ისაკაძე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე რუსეთის საპატრიარქოს პოზიციის გამტარი და დამცველი იყო.

კერძოდ, სავარაუდოდ სუს-ის მასალაში, რომლის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დაუდგენელია, წერია, რომ  ერთერთი პროტოდიაკვნის მეშვეობით, ისაკაძეს უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე კავშირი ჰქონდა რუსეთის საპატრიარქოსთან. 

"ისაკაძეს მისმა სულიერმა შვილმა, გერმანიაში მოღვაწე სასულიერო პირმა პროტოდიაკვანმა არჩილმა აცნობა, რომ ესაუბრა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მიტროპოლიტ ილარიონ ალფიევის ერთერთ მოადგილეს: "მისი განცხადებით რუსეთის საპატრიარქოში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით."

პროტოდიაკვანის თქმით, ი. ალფიევის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ თუ საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის გადაწყვეტილებას, რუსეთის საპატრიარქო გაწყვეტს ევქარისტულ კავშირს (ლოცვებში ერთმანეთის მოხსენიება) საქართველოს საპატრიარქოსთან.

ისაკაძემ განაცხადა, რომ სინოდის სხდომამ გადაწყვიტა საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება მას შემდეგ, რაც ბართლომეოს I ოფიციალურად მიანიჭებს ტომოსს უკრაინის ეკლესიას, ხოლო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით სინოდის წევრების უმრავლესობა მხარს უჭერენ რუსეთის საპატრიარქოს, მაგრამ არსებობს მეუფეების მცირე ჯგუფი, რომელიც ემხრობა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას".

ფაილში ასევე წერია, რომ ისაკაძემ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე პატრიარქთან შეხვედრა მოისურვა, რაზეც უთხრეს, რომ საქართველოს საპატრიარქო არ გეგმავს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. 

"ხსენებულზე დ. ჭინჭარაულმა [ილია II-ს თანაშემწე] განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო არ გეგმავს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, ხოლო მეუფეებს გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭიროება დრო (დ. ჭინჭარაულმა რაიმე კომენტარისგან თავი შეიკავა, დ. ისაკაძის უწმინდესთან შეხვედრის სურვილზე).

ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მ. წ. 31 დეკემბერს ორგანიზაცია "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" სასულიერო პირები გეგმავენ მ. წ. 27 დეკემბერს სინოდის სხოდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების განსახილველად შეკრებას ამავე ორგანიზაციის იდეოლოგ სასულიერო პირ დეკანოზ ბასილ ანთაძესთან სოფელ ძალაანთხევში მდებარე `წმ. ბასილ დიდის სახელობის მამათა მონასტერში". 

სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო ფაილები ინტერნეტსივრცეში დღეს, 13 სექტემბერს გავრცელდა. 

თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდება, გამოვა, რომ ქვეყანაში აყურდებდნენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. 


close დახურვა