23 სექტემბერს რუსეთში სულ მცირე ორ კომისარიატში ხანძრის გაჩენა სცადეს.
ქალაქ ხაბაროვსკში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს ერთ-ერთ კომისარიატს. დაიწვა ორი ოთახი და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Baza-ს ინფორმაციით, ასევე კომისარიატში ხანძრის გაჩენა სცადეს ქალაქ სვობოდნიში. დაზიანებულია შენობის ფასადი.
ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის შენობას უცნობებმა "ცეცხლგამჩენი ნივთი" ესროლეს. ქალაქის ხელისუფლება ამბობს, რომ შენობას უმნიშვნელო ზიანი მიადგა.
მობილიზაციის გამოცხადების გამო ქალაქ კოსტრომაში კომისარიატის შენობაზე გინებები წააწერეს: "ა*უსის მობილიზაცია მოახდინე, ძაღლო! შენი პირადი არმია არაა!".
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით ოთხი კომისარიატის დაწვა სცადეს - პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, ორენბურგის ოლქსა და იმიერბაიკალეთის მხარეში. ქალაქ ტოლიატიში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს ადმინისტრაციის შენობას.
21 სექტემბრიდან რუსეთში გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფონზე რუსეთში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისების დაწვა გახშირდა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა კომისარიატსი დაწვის სულ მცირე ორი ათეული შემთხვევა.