განათლების სამინისტროსთან სტუდენტებმა საპროტესტო კარვები გაშალეს. სტუდენტები იმ დამატებითი რეგულაციების დაწესებას აპროტესტებენ, რის გამოც ისინი საქართველოში სწავლას ვერ აგრძელებენ.
ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა განათლების მინისტრთან შეხვედრაა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მინისტრმა მათ რეგულაცია დაუწესა, რაც მათ ბარიერს უქმნის.
უკვე რამდენიმე დღეა, სამინისტროსთან 20-მდე სტუდენტი არის შეკრებილი, რომლებმაც ჩააბარეს უცხოეთის უნივერსიტეტებში. მათ სურთ, რომ ერთი სემესტრის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში და გააგრძელონ სწავლა. სტუდენტები მოითხოვენ, რომ გამოცდის გარეშე მოახერხონ კრედიტების აღიარება უნივერსიტეტებში. საქართველოს კანონმდებლობით კი მათ უნარების გამოცდა უნდა ჩააბარონ. ეს კანონი მოქმედებს 2019 წლიდან.
„ჩვენი მოთხოვნაა, მოიხსნას დამატებით რეგულაციები. 2020 წელს ეროვნულებზე გახადეს სავალდებულო ეს გამოცდები და მე რატომ მიწესებენ ამ ბარიერს. შარშანაც იყო ასეთი პრეცენდენტი და მოუხსნეს. ჩვენ ვგრძნობთ თავს არათანაბარ პირობებში. სხვა ქვეყნიდან რომ გადმოდის სტუდენტი საქართველოში, იმას არ აბარებინებენ არანაირ გამოცდას, ბარიერს არ უწესებენ და ჩვეულებრივი გასაუბრებით სვამენ უნივერსიტეტში, მე რატომ მიწესებენ ამ ქვეყნის მოქალაქეს ამ ბარიერს?“, - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.
სტუდენტების პროტესტს შეუერთდნენ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები. მათი მოთხოვნაა საქართველოს განათლების მინისტრი შეხვდეს ამ სტუდენტებს, რადგან ყველა საჯარო მოხელე და მათ შორის მინისტრი ანგარიშვალდებულია სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან. მათი განცხადებით, სტუდენტების მოთხოვნები აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.