შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას სთხოვს, მოსახლეობას ფინანსურად დაეხმაროს და ყველა ოჯახზე გასცეს ათასლარიანი დახმარება. მისივე თქმით, აუცილებელია კომუნალური გადასახადებისგან ადამიანების გათავისუფლება.
„მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული წესებით გასცეს თითოეულ ოჯახზე ათასი ლარი დახმარება, დაადგინოს ზღვრული ფასები და ჩამოაწეროს კომუნალური და საბანკო დავალებები. საიდან? - იმ ათი მილიარდიდან, რომელიც მათ ჯიპებზე იხარჯება. კეთილი ინებონ და ეს ფული შემოიტანონ ქვეყნის გადარჩენის ფონდში. მიმაჩნია, რომ ასეთი ეპიდემიების ფონზე პარტიული კინკლაობა და გამოდავება უზნეობაა - ჩვენ ყველამ ძალ-ღონე წარვმართოთ ჩვენი ხალხის გადასარჩენად. ამიტომ იმავეს ფიქრობენ სხვა ქვეყნის ლიდერები და ტრამპმა გამოყო ერთი ტრილიონი ხალხზე ნაღდი ფულის გადასაცემად. გუშინ ბორის ჯონსონმა თითოეულ მოქალაქეზე გამოყო 2500 ფუნტი სტერლინგი. ეს იქ ქვეყნებია, სადაც ხალხმა არ იცის შიმშილი, აქვთ შემოსავალი - იქაც კი მთავრობები განსაკუთრებულ სიტუაციებში ასეთ ნაბიჯებს დგამენ", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გამოეხმაურა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც და განაცხადა, რომ მმართველმა ძალამ ტყუილად არ უნდა სცადოს არჩევნების გადადება. მისი თქმით, ამას პოლიტიკური სპექტრი არ დაუშვებს.
„გუშინ მოვისმინე პრემიერის განცხადება, რომ მათთვის მთავარია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მაგრამ როცა ვიხსენებ, როგორ აშიმშილებენ ხალხს ამ რვა წლის მანძილზე, როგორ გამოთხარეს თვალები ახალგაზრდები, რთული დასაჯერებელია. ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა - ესაა საგანგებო კანიბალური მდგომარეობა. ამათი ზრუნვის შედეგები ყველა სფეროში ჩანს - ახლა კორონას იმედზე არიან, რომ არჩევნებს გადაწევენ, მაგრამ ამას ჩვენი ხალხი და პოლიტიკური სპექტრი არ დაუშვებს", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა - ის 21 აპრილამდე გასტანს. ბოლო მონაცემებით კი, საქართველოში ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება.