არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" აქტივისტის რაშან ზიადალიევის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
არგანიზაციაში აღნიშნული ფაქტით სეშფოთებულები არიან.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, რაშან ზიადალიევი საღამოს 9 საათისთვის იმყოფებოდა მარნეულის მთავარ ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში. მაღაზიიდან გამოსვლიდან 2-3 წუთში მის წინ გაჩერდა პოლიციის მანქანა, საიდანც სცადეს მისთვის ფოტოს გადაღება. რაშან ზიადალიევის თქმით, პირი, რომელიც ფოტოს გადაღებას ცდილობდა, იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, მას არ წარუდგენია საკუთარი თავი და ფოტოს გადაღების მიზეზი. ამასთან, რაშან ზიადალიევს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, მისი იდენტიფიცირების მიზნით ფოტოს გადაღების საფუძველი არ არსებობდა. შემდგომ, პოლიციის ავტომობილიდან გადმოსული პოლიციელი კვლავ ცდილობდა ფოტოს გადაღებას, რაც რაშანმა გააპროტესტა და პოლიციელებს სავალდებულო პროცედურებს უხსნიდა. რაშან ზიადალიევმა სცადა პოლიციის ავტომობილის გადაღება, შედეგად იგი დააპატიმრეს.
რაშან ზიადალიევი მარნეულში გამორჩეული აქტივისტია, რომელიც უშიშრად იმაღლებს ხმას ადგილზე არსებულ პოლიტიკური თუ სოციალური უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინააღმდეგ. იგი არის „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი, ორგანიზებას უწევს სადამკვირვებლო მისიას მარნეულის ოლქში და მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან. ბოლო პერიოდში უშუალოდ რაშანის, მისი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებელი ირიბი ზეწოლა აჩენს ეჭვს, რომ რაშან ზიადალიევი სამართალდამცავი ორგანოების დევნის ობიექტი მისი სამოქალაქო აქტივიზმია.
„სამართლიანი არჩევნები“ აქტიურად დააკვირდება 10 თებერვალს დაგეგმილ სასამართლო პროცესს, რომლისგანაც მოველით სამართლიან და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას პოლიციელთა მიერ უკანონო ქმედებებზე. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღიკვეთოს სამართალდამცველთა მიერ სამოქალაქო აქტივისტების პირდაპირი და ირიბი ზეწოლის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება", - ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.