ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებაში პანიკის არანაირი საფუძველი არ არის - სახელმწიფო აკონტროლებს ვირუსის გავრცელებას. მისივე თქმით, ამ მონაცემებით, საგანგებო მდგოამრეობის გამოცხადების საჭიროება არ დგას.
„დღეს დაგვიფიქსირდა კიდევ ოთხი შემთხვევა - ვიცით, რომელი კლასტერიდან არიან ისინი, მათი მდგომარეობა არის სტაბილური. ეს არაა არც მესამეული გადაცემა. მოხდა სიმპტომების გამოვლენა და ლუგარის მიერ დადასტურება. პირველი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას. სამი პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ვისი მდგომარეობას შედარებით ყურადსაღები იყო. საზოგადოებას არ აქვს პანიკის საფუძველი, რადგან ვითარება კონტროლირებადია. ამ ეტაპზე არ დგას განხილვის საგნად საგანგებო მდგომარეობა - ყველა მოქალაქე, ვისზეც ეჭვია, არის იზოლირებული. თუმცა, გარკვეულ ნიშნულზე შეიძლება განვიხილოთ ეს სცენარიც", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან მოლაპარაკებებზეც - მისი თქმით, საქართველოს მალე ექნება სწრაფი ტესტები და ქვეყანა, შესაძლოა, გადავიდეს ე.წ. აგრესიული ტესტირების ეტაპზე.
„ვაკვირდებით, როგორ მართავენ სხვადასხვა ქვეყნები კორონავირუსის გავრცელებას - კორეაა ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირებით მოახერხა ეფექტური მენეჯმენტი. გვაქვს მოლაპარაკებები კორეასთან და ჩინეთთან და გვაქვს დამაიმედებელი პასუხები, რომ შეგვეძლება დამაიმედებლად საუბარი, ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს მის ჩამოტანას თუკი დავაფიქსირებით მოსახლეობაში მასიურ ზრდას, მოვახერხებთ მათ ტესტირებას. აგრესიული ტესტირება არ გულისხმობს იმას, რომ მარტივად მიმდინარეობს ვირუსი - ეს ნიშნავს იმის ცოდნას, რომელ ჯგუფებშია გავრცელებული ვირუსი. კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს, რომ მისი მიმდინარეობა მსუბუქია და ასეთი პაციენტები მიიღებენ ოჯახის ექიმების მომსახურებას სახლში. ვამზადებთ კონკრეტულ გეგმას - მას შემდეგ, რაც ოჯახის გეგმები ჩაერთვებიან პროცესში, გეგმა გახდება ცნობილი", - ამბობს ტიკარაძე.
რაც შეეხება ვირუსის გავრცელების არიდებას - ტიკარაძემ კვლავ შეახსენა საზოაგდოებას რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობა. მისივე თქმით, წარმოებს სტატისტიკა და საჭირო მარშრუტებზე დაემატება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„სოციალური პასუხისმგებლობა არის ხერხი, რითაც შეგვიძლია ავირიდოთ ვირუსის გავრცელება - მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ყველა არსებული რეკომენდაცია. რაც შეეხება ტრანსპორტს - ყოველდღიურად ვაკეთებთ სტატისტიკას ტრანსპორტში ნაკადებზე - იმ რეგიონებში, სადაცაა ჭარბი რაოდენობა, დაემატება ავტობუსები", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში 38 ინფიცირებულია რეგისტრირებული, 1130 ადამიანი კი კარანტინშია.