მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ფართომასშტაბურ ომს უკავშირდება.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გახანგრძლივდება და ათვლა 8 აგვისტოდან დაიწყება.
როგორც პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ აღნიშნა, ამ დროისთვის დარღვეულია ლოჯისტიკური კავშირები და ბევრ ქვეყანაში შიმშილის რისკი ნარჩუნდება.
"ენერგორესურსების ფასი იზრდება, ხოლო ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში მძიმეა. უკრაინული პორტების ბლოკირება ეხება ჩვენ იმპორტ-ექსპორტსაც", - თქვა პრემიერმა.
მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომიდან მოქმედებს. მას უკვე რამდენჯერმე ახანგრძლივებდნენ. მანამდე მოლდოვის ხელისუფლებაში ამბობდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში იქამდე იმოქმედებს, სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს.