მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 72 საათით დააპატიმრეს. საქმე ეხება სისხლის სამართლის ოთხ საქმეს, მათ შორის სახელმწიფო ღალატს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესსპიკერმა, მარიანა კერპმა ისაუბრა ჟურნალისტებთან.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ექს-პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. გენპროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკა ე.წ. პაკეტის საქმეს ეხება.
საუბარია 2019 წლის ვიდეოჩანაწერებზე, რომელიც დემოკრატიული პარტიის ოფისშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ პარტიის ხელმძღვანელი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი დოდონს პაკეტს გადასცემს, რომელშიც ვარაუდობენ, რომ ფული იყო. BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, ვიდეოში დოდონისა და პლახოტნიუკის საუბრიდან იკვეთება, რომ აღნიშნული ფული სოციალისტების პარტიის დაფინანსებისთვის არის განკუთვნილი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.
დოდონი მოლდოვას პრეზიდენტი 2016-2020 წლებში იყო. ის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე იყო და ხშირად ხვდებოდა პრეზიდენტ პუტინს. პირველი საგარეო ვიზიტიც პრეზიდენტის რანგში მას მოსკოვში ჰქონდა. იმავე წელს ის ერთადერთი უცხოელი ლიდერი იყო, რომელიც 9 მაისს აღლუმს დაესწრო.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის პროდასავლელ მაია სანდუსთან დამარცხდა.
გენპროკურატურაში განმარტავენ, რომ დოდონი ეჭვმიტანილია ოთხ საქმეში - სახელმწიფო ღალატი, პასიური კორუფცია, პარტიის დაფინანსება კრიმინალური ორგანიზაციის მხრიდან და უკანონო გამდიდრება.
გასულ კვირას გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. პაკეტის საქმეზე წარმოება განაახლა. გამოძიება თანამდებობიდან გადაყენებულმა გენპროკურორმა, ალექსანდრ სტოიანოგლომ 2020 წელს შეწყვიტა, თითქოსდა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. 2021 წელს სტოიანოგლო კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
პლახოტნიუკი მოლდოვაში კორუფციის სიმბოლოდ იქცა და დოდონის პრეზიდენტობის დროს ოპოზიციის კრიტიკის მთავარი ობიექტი იყო. მოლდოვაში მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. პლახოტნიუკი ქვეყნიდან გაქცეულია და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
მოსკოვში კი მას დაუსწრებლად წარუდგინეს რამდენიმე ბრალი, მათ შორის ნარკოტიკების კონტრაბანდა და დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა.