logo
ENG



მომავალ კვირაში საქართველოში ვიქტორ ორბანი ჩამოვა

06 ოქტ 202312:50
3 წუთის საკითხავი
 

მომავალ კვირაში საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოვა. ამის შესახებ ორბანმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ორბანის თქმით, თბილისში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობების შეხვედრა.

"მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში", – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა ხშირად საუბრობს უნგრეთის მთავრობასთან დაახლოებაზე. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ვიქტორ ორბანი ევროპაში პუტინის მეგობრად მიიჩნევა. დასავლეთის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ვიქტორ ორბანი ნაკლებად კრიტიკულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მან დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, უნგრეთმა უკრაინას დახმარების სახით იარაღი არ მიაწოდა. ის ხშირად გამოდის უკრაინისთვის დაფინანსების შეწყვეტის მოთხოვნითაც.


close დახურვა