logo
ENG



მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ პაციენტი - სააკაშვილი ხუნდაძესა და სერგეენკოს

04 მაი 202218:45
3 წუთის საკითხავი
 
მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ პაციენტი - სააკაშვილი ხუნდაძესა და სერგეენკოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოცნების დეპუტატებს, დავით სერგეენკოსა და დიმიტრი ხუნდაძეს მოუწოდებს, მოინახულონ ის არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნა.

ოცნების დეპუტატების გარდა, სააკაშვილი მოუწოდებს პარლამენტის სხვა ექიმ წევრებს ციხეში შესვლის შემდეგ, საჯარო განცხადებები გააკეთონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიები გამართონ.

‘’მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე.

ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ჰიპოკრატეს ფიცისადმი თქვენი პროფესიული ერთგულების!’’, - წერია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის Facebook გვერდზე ვრცელდება.

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ.

ამ დროისთვის უცნობია, როდის და კონკრეტულად ვინ მოინახულებს ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ისინი მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.


close დახურვა